ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 24 ივნისი, 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვა


ყოველწლიური სტუდენტური კონკურსი ევროკავშირის სამართალში დასრულდა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიმართ ინტერესი იზრდება – წელს კონკურსში 11 უმაღლესი სასწავლებლის 36 გუნდი, ჯამში, 119 კონკურსანტი მონაწილეობდა.


შეჯიბრების მიზანი ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს კონკურსის ყოველ ეტაპზე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის სამართალში და შეეძინათ მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. დარეგისტრირებულმა გუნდებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს; წერილობით ეტაპზე გამოვლენილმა 8 საუკეთესო გუნდმა კი, შეჯიბრება მომდევნო, ზეპირ ეტაპზე გააგრძელა. თითოეული ტური მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.


შეჯიბრების გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა გუნდი გახდა, რომელშიც შედიოდნენ ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია, ლუკა ავაზაშვილი. იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო გამომსვლელი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა წიკლაური.
ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდი კი, იუსტიციის სამინისტრომ სიმბოლური საჩუქრებითა და ევროკავშირის სამართლის შესახებ სასწავლო სახელმძღვანელოთი დააჯილდოვა. სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი და ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები.
2022 წლის შეჯიბრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და IRZ-ის მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.