ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2023
გაზიარება

„ერუდიციის კურსი“ – პატიმართა რესოციალიზაციისთვის განკუთვნილი პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

პროგრამა „ერუდიციის კურსი“ მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის ქალთა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხორციელდება, რომლის მიზანი პატიმართა რესოციალიზაციაა.

„ერუდიციის კურსი“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის გამარჯვებული პროგრამაა. კურსი აგებულია წიგნიერებისა და შემეცნების კომპონენტებზე და მოიცავს ლექციებს, ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვას, ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიების შესწავლას, პრეზენტაციებს. კურსი მიმართულია ანალიტიკური აზროვნების, მოვლენების ჯანსაღად შეფასების უნარის განვითარებაზე, მორალურ და საკამათო საკითხზე კრიტიკული აზროვნებისა და რაციონალური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. კურსის კოორდინატორია ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელი და ინტელექტის განვითარების პროგრამების ავტორი გიორგი გოგელია.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.