ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2023
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

რატი ბრეგაძისა და შანდორ პინტერის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომლებიც ეფუძნება ბალანსს ციხეებში უსაფრთხოების ზომების გატარებასა და კარგად ფუნქციონირებულ რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროგრამებს შორის. კერძოდ, უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიეწოდა ციფრული უნივერსიტეტის, სპორტის მართვის სისტემის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მაღაზია „რე-მარკეტის“, პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების მეშვეობით სახელმწიფო სერვისების მიწოდების, სულ ცოტა ხნის წინ დაბა ლაითურში გახსნილი და 2024 წელს რუსთავში დაგეგმილი ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების თაობაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ციფრულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს.

იუსტიციის მინისტრმა ჩინელი კოლეგა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება და 500-მდე მაღალი დონის სტუმარსა და დარგის ექსპერტს უმასპინძლებს.

საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ საჯარო მომსახურებების რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით მიაღწია. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდოზე სამ ინოვაციურ პროექტს წარადგენს: იუსტიციის სახლებს, ProbBox-ს და Re-Market-ს. პაატა სალიას განცხადებით, ამ ინოვაციების მიზანი მოქალაქეებისთვის ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას საჯარო მმართველობის რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.