ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას, რომელსაც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს.

მხარეებმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები და დარგობრივი თანამშრომლობის სხვა ასპექტები მიმოიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილი და ჩართულობა მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერებაში, ასევე, ხაზი გაესვა მიგრაციის სფეროში საგანმანათლებლო საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროში საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და სასჯელის აღსრულება“ პრეზენტაცია გაიმართა

ნაშრომი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის განმტკიცება, ავტორებმა – მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ და იოსებ ვარძელაშვილმა წარადგინეს.

წიგნი განკუთვნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და მართლმსაჯულების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილეები – ლაშა მაღრაძე, მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამებს 2021 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.

2021-2025 წლებში უწყებამ, ჯამში, 56 პროექტი დააფინანსა.