ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ

გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 2022-2025 წლების პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში საქართველოს და გერმანიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია პენიტენციური სისტემა საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მხრივ ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება ძალზედ ღირებულია.

იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმის ახალი ტალღის დაწყებიდან დღემდე საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები: ინფრასტრუქტურული პროექტების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების, მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების, თანამშრომელთა და პატიმართა პირობების გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის შემდგომი განვითარების, პენიტენციურ სისტემაში IT ინფრასტრუქტურის გაძლიერების და თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდის კუთხით.

იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, შეიმუშავა ახალი პენიტენციური სტრატეგია და ახალი პენიტენციური კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების დახვეწაა. ამასთან, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, რომელიც აყალიბებს პლატფორმას მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის, რაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რეინტეგრაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

პენიტენციურ სისტემაში ახალი და ინოვაციური სერვისი „ონლაინ კლინიკა“ დაინერგა, რაც მსჯავრდებულებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე სწრაფ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

დაგეგმილია მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება მცირე ზომის ლაითურის დაწესებულება, დაწყებულია მშენებლობა ქ. რუსთავში.

გერმანული მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში, ონლაინ უნივერსიტეტი და ,,რე-მარკეტი“. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა ბენიამინ ლიმბახმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები აშკარად იგრძნობოდა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს და მისასალმებელია საქართველოს მისწრაფება გაიზიაროს საუკეთესო ევროპული გამოცდილება.

გაზიარება
ბეჭდვა

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს №923 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 30 აგვისტომდე. კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80551?active=1
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.
ბავშვის უფლებათა კომიტეტი მონიტორინგს უწევს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 15 წელი გავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სასამართლოებში იცავს საქართველოს სამართლებრივ უსაფრთხოებას და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

კერძოდ,

  • სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის საქმეზე;
  • რუსეთის ფედერაციას დაკისრებული აქვს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ;
  • მოგებულია ყველა (3.300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა.
  • აქტიურ ფაზაშია რუსეთის წინააღმდეგ საქმისწარმოება განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე;
  • ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.
გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა

ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი ხელმძღვანელობდა.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, განხორციელდა საკანონმდებლო სისტემის რევიზია და მისი გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობის დადგენა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისებისა და ვებგვერდების მისაწვდომობის უზრუნველყოფა; შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკითხებზე სისტემის მასშტაბით თანამშრომელთა გადამზადება.

ანგარიში ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მოამზადა, რომელიც, ამავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოსაც წარმოადგენს. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროგრესის შესახებ ისაუბრეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმაც.

სხდომამ მოიწონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის სამოქმედო გეგმის აუდიოვერსია, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“ თანამშრომლობით ჩაიწერა. მისი მიზანი უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

სხდომას ესწრებოდნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლის შემადგენლობაში შედიან საბჭოს მოწვეული წევრები – შშმ პირთა წარმომადგენლობითი და არასამთავრობო ორგანიზაციები, შშმ თემის წარმომადგენლები, აქტივისტები, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის, სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები.

გაზიარება
ბეჭდვა

სოციალურმა მუშაკებმა ტრეფიკინგის არასრულწლოვან მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და სერვისების მიწოდების სპეციფიკის შესახებ ტრენინგი გაიარეს

სწავლება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა ზრუნვის სააგენტოს 28 წარმომადგენელმა მიიღო.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისათვის დამახასიათებელი ექსპლუატაციის ფორმებზე, ბავშვების ფსიქოლოგიური განვითარების სტადიებზე, არასრულწლოვან მსხვერპლთან კონტაქტის დამყარების ტექნიკასა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხზე.

შესაბამისი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ამ საკითხებზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი მიზანია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სერვისების გაუმჯობესება და მათი რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.

ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა.

სწავლება პროექტის – „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) – ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

გაზიარება
ბეჭდვა

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად გაერო-ს ეგიდით აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას

ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიებისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.

გაზიარება
ბეჭდვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 11 ივლისის №921 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 15 აგვისტომდე. კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80232?active=1

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი პასუხისმგებელია გაერო-ს ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებასა და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მონიტორინგზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უმასპინძლა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის სახელმწიფო დელეგაციას სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება გაუზიარა.
უზბეკეთის დელეგაცია, ასევე, გაეცნო იუსტიციის სამინისტროს ქართულ ინოვაციას – იუსტიციის სახლებს პენიტენციურ დაწესებულებებში.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე, მათ შორის, ისეთ ქართულ ინოვაციურ პროექტზე, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს.

იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის დელაგაციას ასევე საქართველოში სასჯელის აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა ,,პრობბოქსი“ გააცნო. ,,პრობბოქსი“ ევროპაში პირველი ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელშიც ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა.

უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესა და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თამარ ტყეშელაშვილისა და ხუდოიორ მელიევის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე წარმატებული რეფორმები და უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგილ ინოვაციურ პროექტებზე – მობილურ იუსტიციის სახლსა და იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნაზე პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ქართულ ინოვაციას წარმოადგენს.

უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა და აბდულა არიპოვმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.