ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრომ შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; შშმ პირებისთვის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისების და ინფრასტრუქტურის ადაპტირების გზით; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შშმ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით − ეს ის საკითხებია, რომლებსაც შშმ პირთა უფლებების დაცვის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციის მონაწილეებს შშმ პირთა უფლებების დაცვის და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული ღონისძიებებიც გააცნო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2021წლიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელია შშმ პირის უვადოდ დადგენილი სტატუსის დატანა; დანერგილია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის ადაპტირებული მომსახურება; განხორციელდა ინფრასტრუქტურის ადაპტირება შშმ პირებისთვის; დაწყებულია იუსტიციის სამინისტროს სისტემის უწყებების ოფიციალური ვებგვერდების ადაპტირების პროცესი და სხვ.

ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შშმ პირები, მათი უფლებების დაცვაზე მომუშავე პირები და დონორი ორგანიზაციები. მათი ნაწილი პრეზენტაციაში რეგიონებიდან, დისტანციურად მონაწილეობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგია დამტკიცდა

ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია.


რეფორმის შედეგად, სახელმწიფო სერვისების მიწოდება მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ახალი სტანდარტების დანერგვა.


სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. რეფორმის მოცემული კომპონენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
სერვისების განვითარების სტრატეგია სააგენტოსა და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა. მომზადდა სტრატეგიით გათვალისწინებული ხუთი სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული და, დღეისათვის, უკვე გადამზადდა სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების 500-მდე წარმომადგენელი.


ამასთან, შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ხარისხის ინდექსის კონცეფცია (ასევე, ინდიკატორები და შეფასების მატრიცა) და ინდექსის გამოანგარიშების მეთოდოლოგია. იგეგმება სერვისის ინდექსის პორტალის შექმნაც.
მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ერთიანი მიდგომების პრაქტიკაში დანერგვით, საქართველოში სახელმწიფო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
ბეჭდვა

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგები შეაჯამეს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით, სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა. განრიდება სასჯელის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც არასრულწლოვანს დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე და ნასამართლობის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

განრიდებისა და მედიაციის პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში 11 წელია, ფუნქციონირებს. ის თავდაპირველად 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებდა და ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხებოდა. 2014 წლიდან, პროგრამის შთამბეჭდავი შედეგების გათვალისწინებით, განრიდება მძიმე დანაშაულის შემთხვევებზეც გავრცელდა; 2015 წლიდან, როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამოქმედდა, განრიდების პროგრამაში ჩართვა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაც გახდა შესაძლებელი.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის მუშაობას პანდემიის პირობებში, როდესაც პროექტში ჩართულ მხარეებს დისტანციურ რეჟიმში უწევდათ მუშაობა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 2021 წელს განრიდების პროგრამებში წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი – 65%-იანი წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კონფერენციის ბოლოს ჯილდოები გადაეცათ პროგრამაში ჩართულ პროფესიონალებს – წარმატებულ პროკურორებს, მედიატორებსა და სოციალურ მუშაკებს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარდა და მას აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულებმა მარწყვის ნერგები დარგეს

# 8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა მარწყვის ნერგები პირველად დარგეს. წელს, ნაკვეთზე არსებულ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულსა და ხილს მარწყვის ერთ-ერთი სახეობა სან ანდრეასიც შეემატა.

ნაკვეთზე მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი დაესწრნენ. შპს „მაგალის“ მიერ საჩუქრად გადმოცემული მარწყვის ნერგებით, წელს მსჯავრდებულები დაახლოებით, 1 ტონა მოსავალს ელოდებიან.

სასოფლო-სამეურნეო პროექტს, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდში, მსჯავრდებულებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, აგრარული მიმართულებით ტრენინგ კურსებიც გაიარეს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტრო წინასააღდგომოდ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისათვის საქველმოქმედო აქციას მართავს

ეროვნულ არქივში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. საქველმოქმედო აქციაზე საკუთარი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები სამინისტროს სისტემის 80-ზე მეტმა თანამშრომელმა წარმოადგინა.

ნამუშევართა რეალიზაციიდან მიღებული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება. კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების სახელით სააღდგომოდ გადასცემენ.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა კონკრეტული ნივთის შეძენის გარეშე, მხოლოდ თანხის გაღებითაც არის შესაძლებელი. ამისათვის საგამოფენო დარბაზში სპეციალური ყუთებია განთავსებული.

გამოფენა-გაყიდვა დამთვალიერებლებს მთელი კვირის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, 11:00-იდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს

რატი ბრეგაძემ ალექსანდრე ვინიკოვს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა.

იუსტიციის მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ მექანიზმებს და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ პროცესის წარმართვისათვის.

რატი ბრეგაძემ და ალექსანდრე ვინიკოვმა ნატო-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძემ საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები და ინოვაციები გააცნო

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ინოვაციური სერვისები, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე დასმული კითხვის პასუხად.

რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისათვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე:

„გაიხსნა გარდაბნის იუსტიციის სახლი, არქივის ახალი შენობა ახალციხეში; კასპში, ჩხოროწყუში სიღნაღში, წყალტუბოში გაიხსნა იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები; აჭარაში ნოტარიუსებს გადაეცათ ახალი ბიურო; დაიწყო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, იუსტიციის სახლების მშენებლობები თერჯოლაში, ზესტაფონში, ახმეტაში. ასევე, თბილისში სულ მალე გაიხსნება იუსტიციის სახლის ახალი ლოკაცია და დასრულდება მშენებლობა ხაშურში“.

რატი ბრეგაძემ საერთაშორისო მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა:

„გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებები თურქეთის რესპუბლიკასთან, ისრაელთან, უნგრეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და უახლოეს მომავალში ვაფორმებთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას შვეიცარიასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან“.

მინისტრმა პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დამტკიცებულია სპორტის სტრატეგია, რაც პატიმრებს პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა ციფრული უნივერსიტეტის პროექტზე, რაც პატიმრებისთვის დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლების შესაძლებლობას იძლევა.

ეთერში საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ მეტად გაზრდის მიზნით განხორციელდა „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი.

„სულ მალე გვექნება ციფრული იუსტიციის სახლიც და სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ ყველა იმ მომსახურების მიღებას, რომელთაც იღებთ იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება.

„უკვე არის ძალიან კონკრეტული გრაფიკი და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, გაწერილია ყველა რეგიონი, სად როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
ბეჭდვა

რატი ბრეგაძე: „სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ არ არსებობს რაიმე სახის დამატებითი გარემოებები, რომ საჩივარი შემდგომში იყოს განხილული“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საჩივრის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის შესახებ ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უდავოა, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მიუთითებდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

„საჩივარში საუბარი იყო მესამე მუხლზე, რომელიც შეეხება წამებას. ამ ფარგლებში მათ მოითხოვეს დამატებითი ღოონისძიება, რომლის ფარგლებშიც უნდოდათ, რომ დაუყოვნებლივ გადაყვანილი ყოფილიყო კლინიკაში და ეს საჩივარი უნდა გაგრძელებულიყო მომავალში, ანუ ამ საჩივარზე წარმოება. სასამართლომ, ასევე, დაცვის მხარეს მიმართა და განუსაზღვრა ვადა 8 დეკემბრამდე, რომ ამ კონკრეტულ ვადამდე მათ უნდა წარმოედგინათ დამატებითი მტკიცებულებები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, სტრასბურგის ეს განჩინება ცალსახად ადასტურებს, რომ არ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მიუთითებდა და მიუთითებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე:

„სტრასბურგის სასამართლო ამბობს პირდაპირ, რომ ამ ეტაპზე არავითარი პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. ბუნებრივია, ყოველთვის შეეცდებიან დაცვის მხარე, მათი მხარდამჭერები, რომ მოახდინონ ამის უგულებელყოფა ან წარმოაჩინონ, თითქოსდა ეს საერთოდ არაფერია, მაგრამ ეს არის ფაქტი, განჩინება, გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ნათლად და ცალსახად ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც დაობდნენ, რომ თითქოსდა იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ., ეს საკითხი დაიხურა. მაშინ სახელმწიფო ინსპექტორმაც დაწერა დასკვნა. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში და ამ საქმეზეც იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არის გამარჯვებული. საბოლოო ჯამში, გამოიკვეთა სიმართლე როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე, რომ ყველა მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან სააკაშვილის მიმართ, როდესაც ის იყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იყო კორექტული და სრულ შესაბამისობაში ევროპულ ღირებულებებსა და სამართლის ნორმებთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია საზოგადოების სწორი ინფორმირება; უწყება პატივს სცემს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს და არასდროს ახდენს ფაქტების ინტერპრეტირებას.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვახდინოთ ზუსტად ფაქტების კონსტატაცია და სწორედ ამიტომ წავიკითხავ ამონარიდს განჩინებიდან, რომლის თანახმადაც, სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ამორიცხა საჩივარი და, ასევე, მიუთითა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა – გარდა ამისა, სასამართლოს არ მიაჩნია, რომ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ევროპული კონვენციითა და ოქმებით გათვალისწინებული, ადამიანის უფლებების პატივისცემის მიზნით მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას“. სწორედ ამიტომ არ შევდივარ გარკვეულ ინტერპრეტაციებში და ამ შემთხვევაში თქვენი ეთერის მეშვეობით საზოგადოებას ვამცნო, თუ რა წერია სასამართლოს განჩინებაში და ეს არის ოფიციალურად განჩინების თარგმანი“, –განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, თუ უფრო დეტალებში და სიღრმეებში შევალთ და ჩავხედავთ 37-ე მუხლს, იქ ისიც არის მითითებული, რომ, თუნდაც, ფორმალური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მაინც შეუძლია, რომ დამატებით განიხილოს, მაგრამ სასამართლომ ამორიცხა და დამატებით დაურთო, რომ რაიმე დამატებითი სახის გარემოებები არ არსებობს, რომ საჩივარი შემდგომში იყოს განხილული. სასამართლომ, ასევე, თქვა, რომ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რაც დამატებით წარმოშობს საჩივრის განხილვის ვალდებულებას.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას.

ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები.

მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა.