ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 27 მარტი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ „სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის“ პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის მიზანია საქართველოში მომუშავე იურისტებისთვის სამართლის ტექნოლოგიების (ლიგალტექის) სწავლება. ტექნიკური უნარების შეძენა დაეხმარება მათ, თანამედროვე ინოვაციური პროდუქტები გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში და გააუმჯობესონ სამუშაოს ხარისხი. კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისების მიწოდების შესახებ.

მონაწილეები შეისწავლიან ლიგალტექ პროგრამა Logos-ისა და რულმეფინგის მეთოდის გამოყენებით ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნას, როგორიცაა: სამართლებრივი კონსულტაციის ავტომატიზებული ბოტები, ხელშეკრულებისა და სარჩელების გენერირების სისტემები და სხვ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პროექტის მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობისა და აქტუალობის შესახებ ესაუბრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და პროექტის ხელმძღვანელმა ნათია სირდაძემ პროექტის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სასწავლო კურსის შესახებ. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პრაქტიკული მოდულების თაობაზე პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლადო სირდაძემ წარადგინა.

პროექტი განხორციელდება ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიგალტექ ასოციაციასა და გერმანულ ლიგალტექ კომპანია KnowledgeTools International-თან თანამშრომლობით. ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ექსპერტებთან ერთად ლექციებს გაუძღვებიან პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი, დოქტორი თილო ვენდი, ჰატიმ ჰუსაინი და დანიელ ფოა.

იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორ არტურ ერკენს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე და სამომავლო ხედვები გაუზიარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიგრაციის მართვა საქართველოსთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის ნაწილია, არამედ ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალანსის აუცილებლობას ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის მიგრაციის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი თემურ გოგინოვი; აგრეთვე IOM-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლარს იოჰან ლონბაკი და პროგრამის განვითარებისა და მხარდაჭერის ოფიცერი გენცი პიეტრი.