ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
გაზიარება

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

გამოფენა ასახავს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.

საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით საექსპოზიციოდ არქივისათვის გადაცემული ორი შესამოსელი. მათგან ერთ-ერთი ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, ეცვა; ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც ილია II ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიარქების – ეფრემ II-ისა და ილია II-ის – კუთვნილი ჯვარი.

გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი ურთიერთობა. ილია II ეროვნულ არქივს სამჯერ ეწვია. მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს — ანჩის სახარებას (XII ს.). ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა; ასევე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების – რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, გიგლა ბენაშვილის, ბადრი და ირაკლი ვადაჭკორიების, ბესო გულიაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი მეურმიშვილის – ნამუშევრები.
ფოტომასალის ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად ნახავს.

გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პატრიარქის ღვაწლზე და უწმინდესისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულა პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდმა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას მაისის ბოლომდე უმასპინძლებს.

დათვალიერება თავისუფალია.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.