ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძემ და საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების ურთიერთობაში არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით გაძლიერდა ერთობლივი დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც მიმდინარე წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა. დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში თელ-ავივში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებული საკითხების სწრაფი და ეფექტიანი რეალიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკულ განხორციელებას წარმოადგენს დეკემბერში დაგეგმილი სემინარი ისრაელის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლებს შორის.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის დარგობრივი ურთიერთობა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ მეტად ინტენსიური გახდება.

ისრაელის ელჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.