ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 01 მარტი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის - „მობილური იუსტიციის სახლის" შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების ფილიალების არსებობას, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ აქვს.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ეფექტიანი და სწრაფი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პენიტენციური სისტემის რეფორმა და სხვა.

თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვთ. კერძოდ,

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის კომპონენტი, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.

2023 წლიდან მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით ნერგავს მიწის ადმინისტრირების ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მუშაობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურისა (NSDI) და გეოპორტალის შექმნაზე.

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით საჯარო რეესტრის მონაწილეობით მიმდინარეობს GRAIL-ის პროექტი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება იუტას შტატის ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტთან (Brigham Young University) არსებული სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუტას შტატის ოფიციალურ პირებთან – შტატის სენატორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საარქივო მასალების დიგიტალიზაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის საკითხებზე.

დელეგაციამ მოინახულა იუტას შტატის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ცენტრები და ადგილზე გაეცნო მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და დაწესებულებების მართვის მოდელებს.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) ხელმძღვანელ პირებთან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციის თაობაზე და დაიგეგმა იუსტიციის სამინისტროს თემატური ჯგუფებისთვის სასწავლო მოდულები.

უნივერსიტეტში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო ლექცია ჩაატარა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) სტუდენტებისათვის ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და საქართველოში გატარებული რეფორმების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. შეხვედრებს, აგრეთვე, ესწრებოდნენ სტირლინგის ფონდის (Stirling Foundation) წარმომადგენლები ვენდი მაკკენნა და რიჩარდ მაკკენნა.