ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 26 იანვარი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „ჩვენ შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის სომხეთში ვიზიტი გრძელდება. რატი ბრეგაძემ და კარენ ანდრესიანმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ბრიფინგი გამართეს.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენ შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში; ჩვენ ჩამოვიყვანეთ როგორც იუსტიციის სახლი, რომლის საშუალებითაც სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ სახელმწიფო მომსახურება, რომელთაც გავცემთ იუსტიციის სახლებში, ისე, მაგალითად, სასჯელაღსრულების სფეროში ჩვენი ინოვაციური პროდუქტი „PROBBOX“, რომლის მეშვეობითაც პრობაციონერებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რომელთაც აქამდე იღებდნენ პრობაციის ბიუროებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ ერთი მიმართულება დოკუმენტების გაყალბების პრევენცია იქნება.

„ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ დოკუმენტების გაყალბების პრევენციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი სახელმწიფოების მოქალაქეებს დაიცავს კიდევ უფრო მეტად“, – თქვა რატი ბრეგაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძესთან ის გამოწვევები განიხილა, რაც სომხეთს პრობაციის სფეროსა და ერთიანი მომსახურების სისტემის დანერგვის მიმართულებებით აქვს. კარენ ანდრესიანის თქმით, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„საქართველოს აქვს ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება ამ სფეროში... თუნდაც, იუსტიციის სახლები... მადლობა მინდა, გადაგიხადოთ, რომ გვიზიარებთ გამოცდილებას, რომ ჩამოიყვანეთ და გვიჩვენეთ მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილები“.

ქართული დელეგაციის ვიზიტი სომხეთში დღეს სომხეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დღესვე იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი მასშტაბურ პრეზენტაციას გამართავენ საქართველოში იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.