ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 22 მარტი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

მინისტრმა მათ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში, პენიტენციურ და აღსრულების სისტემებში, კომპლექსურ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან.

ისინი აქტიურად არიან ჩართული რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და ღონისძიებებში; მსჯავრდებულების, განრიდებული პირების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში, მათი ქცევის პოზიტიური ცვლილების და საზოგადოებაში რეინტეგრაცის მიმართულებით; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობაში. სოციალური მუშაკების ჩართულობით აღსრულების პროცესში ხელი ეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას და დავების შეთანხმებით დასრულებას.

სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღე მსოფლიოში აღინიშნება და საზოგადოების კეთილდღეობისთვის სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.

პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.