ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 14 მარტი, 2023
გაზიარება

პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის საგრანტო პროექტი მიმდინარეობს

პროექტის სახელწოდებაა „ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში“.

პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელსა“ და პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამედიცინო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დანერგვასა და განვითარებას.

გაიზრდება პენიტენციურ დაწესებულებებში ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა და პრობაციას დაქვემდებარებულ პირთა ინფორმირებულობა ზიანის შემცირების სერვისებში ინტეგრაციის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის სერვისებში ჩართვის კუთხით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარების და მასთან ასოცირებული დაავადებების პროფილაქტიკა/თავიდან აცილება, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებასთან ასოცირებული სხვა დაავადებისა და ზედოზირების გავრცელების შემცირება/თავიდან აცილება; ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ცოდნის ამაღლება.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.