ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2022
გაზიარება

ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა.

დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა, დაგეგმილი სემინარები და ერთობლივი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმის სწრაფი და ეფექტიანი შესრულების ნათელი მაგალითია.

რატი ბრეგაძემ კოლეგას სერვისების მიწოდების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე ფუნქციონირებს 8 მობილური იუსტიციის სახლი და წლის ბოლომდე მისი რიცხვი ოცამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაცია „JustApp“-ზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა სერვისი ონლაინ მიიღოს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელელ მეცნიერებს ჟურნალ „იუსტიციაში“ სტატიების გამოქვეყნებაც შესთავაზა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ასევე, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.