ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 08 აგვისტო, 2022
გაზიარება

საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა


აგვისტოს ომს მიეძღვნა იუსტიციის მინისტრისა და მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.

გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა „ოქროს სამხილი“, რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარადგინა 15 მოწმე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, მათ შორის, შვილმკვდარი დედები.

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცები, სამხედროები, რომლებმაც ომში თანამებრძოლები დაკარგეს; დაზარალებულები, რომლებმაც, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენებები; და სახელმწიფო ერთად არის ის ძალა, რომელმაც სტრასბურგში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება შეძლო.

იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილ იუნკერებს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა. საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ედებათ ბრალი. ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოიკვეთა, აგრეთვე, რუსი გენერალი ბორისოვის პასუხისმგებლობის საკითხიც. სტრასბურგის შემდეგ ამ გადაწყვეტილებით უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში.

საერთაშორისო სასამართლოებში დავების საქართველოს სასარგებლოდ დასასრულებლად იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო და ფოტო მასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და სხვა) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება იუტას შტატის ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტთან (Brigham Young University) არსებული სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუტას შტატის ოფიციალურ პირებთან – შტატის სენატორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საარქივო მასალების დიგიტალიზაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის საკითხებზე.

დელეგაციამ მოინახულა იუტას შტატის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ცენტრები და ადგილზე გაეცნო მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და დაწესებულებების მართვის მოდელებს.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) ხელმძღვანელ პირებთან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციის თაობაზე და დაიგეგმა იუსტიციის სამინისტროს თემატური ჯგუფებისთვის სასწავლო მოდულები.

უნივერსიტეტში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო ლექცია ჩაატარა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) სტუდენტებისათვის ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და საქართველოში გატარებული რეფორმების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. შეხვედრებს, აგრეთვე, ესწრებოდნენ სტირლინგის ფონდის (Stirling Foundation) წარმომადგენლები ვენდი მაკკენნა და რიჩარდ მაკკენნა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს თანმიმდევრულ და ეფექტიან თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი.