ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 13 აპრილი, 2022
გაზიარება

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის თერთმეტი წლის შედეგები შეაჯამეს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე. ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამის საშუალებით, სისხლისსამართლებრივ დევნას 5600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა. განრიდება სასჯელის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც არასრულწლოვანს დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე და ნასამართლობის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

განრიდებისა და მედიაციის პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში 11 წელია, ფუნქციონირებს. ის თავდაპირველად 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებდა და ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხებოდა. 2014 წლიდან, პროგრამის შთამბეჭდავი შედეგების გათვალისწინებით, განრიდება მძიმე დანაშაულის შემთხვევებზეც გავრცელდა; 2015 წლიდან, როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამოქმედდა, განრიდების პროგრამაში ჩართვა 18-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვისაც გახდა შესაძლებელი.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის მუშაობას პანდემიის პირობებში, როდესაც პროექტში ჩართულ მხარეებს დისტანციურ რეჟიმში უწევდათ მუშაობა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 2021 წელს განრიდების პროგრამებში წარმატებული მედიაციის ყველაზე მაღალი – 65%-იანი წლიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

კონფერენციის ბოლოს ჯილდოები გადაეცათ პროგრამაში ჩართულ პროფესიონალებს – წარმატებულ პროკურორებს, მედიატორებსა და სოციალურ მუშაკებს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში ჩატარდა და მას აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ მთავრობის წევრებთან ერთად სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

პაატა სალიამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა „TikTok“-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის – 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.

ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივნის განცხადებები არ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე აზრის გამოხატვას. სასამართლოს შეფასებით, გამოყენებული ენა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების დამცირებასა და შეურაცხყოფას.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე გაიზიარა ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და აღნიშნა, რომ მათ სწორად გაავლეს ზღვარი მწვავე პოლიტიკურ კრიტიკასა და პირადი ხასიათის შეურაცხყოფას შორის. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული ღონისძიება იყო მინიმალური და პროპორციული – მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დაეკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა მნიშვნელოვანი პრინციპი: გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა და იცავს მწვავე კრიტიკასაც, თუმცა იგი არ მოიცავს სხვების, მათ შორის, თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა დამამცირებელ და პირად შეურაცხყოფას.

გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან, რათა მათ საკუთარი მოვალეობები ღირსების შემლახველი ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში შეასრულონ.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, თუმცა, ამავდროულად, ცხადად ადგენს, რომ მისი განხორციელება, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში, არ უნდა გადაიზარდოს სხვათა ღირსებისა და უფლებების შემლახველ შეურაცხყოფაში.