ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 28 დეკემბერი, 2021
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი: "ჩვენ გვქონდა მყარი არგუმენტები, თუ რატომ მოხდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება. საბოლოოდ კი ამ გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეაფასოს სასამართლომ"

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის დასკვნის გასაჩივრების თაობაზე და მისი მიზეზები განმარტა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა და აქვს მყარი არგუმენტები, თუ რატომ მოხდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება. საბოლოოდ კი ამ გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეაფასოს არა აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არამედ სასამართლომ. ამიტომაც, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სასამართლოს და გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა.

„ეს არის სამართლებრივი პროცედურა. ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრება, რომელიც არის დასაბუთებული და ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო ხელისუფლებამ, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება აბსოლუტურად კანონიერი იყო და ემსახურებოდა სახელმწიფოში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს
: „ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გვაქვს მყარი სამართლებრივი პოზიცია. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანონიერი, ემსახურებოდა მრავალგზის საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და იმის გამორიცხავს, რომ საზოგადოება შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი, რაც ეხებოდა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას, მათ შორის, ფაფებისა და წვენების ეპიზოდს. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოში მშვიდობის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.