ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 26 ივლისი , 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალს შექმნის

"ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობის მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კოორდინატორის ფუნქციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასრულებს.

საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. შეხვედრის მთავარ მიზანს საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა.

"სახელმწიფოს მიზანია, ერთის მხრივ, შეიქმნას ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა და, მეორეს მხრივ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა თავსებადი იყოს ევროკავშირის სივრცითი ინფორმაციის (INSPIRE) ინფრასტრუქტურასთან, რის თაობაზეც ყველა უწყება მჭიდროდ ითანამშრომლებს" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და გეოპორტალის შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის თავმჯდომარე - დავით დევიძემ. აღნიშნულ პორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს სრულად, შედეგად, სახელმწიფო უწყებები და მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ ქვეყანაში არსებული სივრცითი ობიექტის ყველა მწარმოებლის ავთენტური მონაცემის გაცნობასა და ჩამოტვირთვას.

ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და საჯარო ადმინისტრირების მხრივ. მას გადამწყვეტი როლი აქვს ხანძრის, საგზაო შემთხვევების, ბუნებრივი კატასტროფების, კრიზისული და სამაშველო სიტუაციების ოპტიმალურად და შედეგიანად მართვისთვის, ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესაფასებლად. ერთიანი სტანდარტით გეოპორტალზე მონაცემების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს პროცესების მართვის ოპტიმიზაციას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისათვის.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება

ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელში, რომელსაც დღეს მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება, მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.

ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მოინახულეს.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, იუსტიციის სახლების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 12-იდან 121-მდე გაიზარდა, მათგან 24 ფილიალი უშუალოდ იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებს. დაინერგა ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი", რომელიც სერვისს რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მდებარე 90 სოფლის, მათ შორის, იმერეთის 15 სოფლის მოსახლეობას აწვდის.

უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები. 2028 წლამდე კი ფილიალების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 133-მდე გაიზრდება.

ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა

კომისიის წევრებმა ცესკო-ს წარმომადგენლებისაგან მოისმინეს ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის დასრულების შედეგებისა და სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ.

სხდომამ შესაბამისი უწყებებისაგან მოისმინა მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების თაობაზეც. კომისიის წევრებს სურდათ, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია, აგრეთვე, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის შესახებ. რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დღევანდელ ღონისძიებაზე არ გამოცხადდა, კომისია მას მომდევნო სხდომაზეც მოიწვევს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, კომისიის წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები; საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, აგრეთვე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11.