სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ზაქაიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ჩატარებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულად შესაბამისად მიიჩნია
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ზაქაიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შემდგომი სასამართლო პროცესი წარიმართა ჯეროვნად და სრულად შეესაბამებოდა ევროპული კონვენციის სტანდარტებს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2021 წლის 9 თებერვალს მომჩივანი მისმა თანასოფლელებმა სცემეს, რის შედეგადაც მან მიიღო მრავლობითი დაზიანება, მათ შორის – ქვედა ყბის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი ეროვნულმა სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც პირობით მსჯავრად ჩაეთვალათ.
ევროპული კონვენციის საფუძველზე, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება არასათანადო იყო, რომლის შედეგადაც თავდამსხმელებს წარედგინათ ჩადენილ ქმედებებთან შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. გარდა ამისა, იგი მიუთითებდა, რომ მას არ მიეცა გამოძიებისა და სასამართლო წარმოების ეტაპზე პროცესში მონაწილეობის ეფექტიანი შესაძლებლობა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამართლებრივი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ არ დასტურდება მომჩივნის ბრალდებები გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ.
ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება და დროულად განახორციელეს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. საქმის განხილვა, მათ შორის სააპელაციო და საკასაციო ეტაპებზე, წელიწად-ნახევარზე ნაკლებ დროში დასრულდა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება სათანადო გულმოდგინებით მოქმედებდნენ ბრალდებულთა პასუხისმგებლობის დასადგენად.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, სათანადოდ განემარტა უფლებები და მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა მომხდარი შემთხვევის შესახებ საკუთარი ვერსია როგორც გამოძიების, ისე შემდგომში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე. სააპელაციო სასამართლომ მომჩივანი გამოიძახა ზეპირ სხდომაზეც, რომელიც მისი თანდასწრებით ჩატარდა.
რაც შეეხება სასჯელის პროპორციულობის საკითხს, სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და გამოყენებულ სანქციას შორის შეუსაბამობა არ დგინდებოდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომლის გათვალისწინებითაც არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng