ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 11 მარტი, 2022
გაზიარება

საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.


კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.


პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.


2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.


ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.


საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება.


რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.
აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.

პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.