ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023
გაზიარება

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციამ – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ – სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

კონფერენციის მუშაობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას.

კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; განხორციელდა ვიზიტი თბილისის იუსტიციის სახლში,

3 ნოემბერს კი, კონფერენციის დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.

პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.