ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 29 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

პირველად საქართველოში მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა


პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა.

პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური სწავლება მხოლოდ კორესპონდენციული მეთოდით ხორციელდებოდა. მსჯავრდებული სტუდენტები სასწავლო მასალას იღებდნენ და წერით დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა, ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას ისინი მოკლებულნი იყვნენ.

ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა. სასწავლო პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნენ. მინისტრებმა, ასევე, მოინახულეს მსჯავრდებულთა სახელობო მომზადებისა და პროფესიული დასაქმების სივრცეები.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას; იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც, ამავე დროს, ხელს შეუწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.

პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.