ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 02 ივნისი, 2022
გაზიარება

მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ  უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრმა წარმატება უსურვა მომავალ სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ციფრული უნივერსიტეტის პროექტში აქტიური ჩართულობისათვის:

"დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტ ციფრული უნივერსიტეტის მნიშვნელობას და იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა პირებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რატი ბრეგაძემ მიხეილ ჩხენკელს N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ფეხბურთის მოედანი და სილამაზის სალონი დაათვალიერებინა.

ციფრული უნივერსიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და უწყების განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.