ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
გაზიარება

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.

დელეგატებმა მასში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სართაშორისო ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მას 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UN Sustainable Development Cooperation Framework) ფარგლებში, 2026-2030 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს როგორც მმართველი კომიტეტის, ისე შედეგებზე ორიენტირებული სამივე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

პაატა სალიამ უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამედროვე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

პაატა სალიამ მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.

პაატა სალიამ გამოხატა მზაობა, გამართოს შეხვედრა თურქ კოლეგასთან დარგობრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.