ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 19 ნოემბერი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ნორვეგიის სახელმწიფო მდივანმა დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანს საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული მიზანია, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სერვისების მიწოდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე სოფლებსა და დაბებში. ამ მიზნით ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს იუსტიციის სახლები, რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისათვის კი, სერვისების მიწოდებას ინოვაციური პროექტი – მობილური იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა დღესაც გრძელდება. სულ მალე დასრულდება მუშაობა კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტზე. JUSTapp მობილური აპლიკაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, იუსტიციის სახლის სერვისები სახლიდან გაუსვლელად მიიღონ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ნორვეგიის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რატი ბრეგაძემ ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

რატი ბრეგაძე გან კარინ ჯულს ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.