ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ,,სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო” გამოიცა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ.

სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ისე, სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.

საგრანტო პროექტის შედეგები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის მოადგილეებთან, სახელმძღვანელოს ავტორებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სისტემის თანამშრომლებისა და, ზოგადად, იურისტების მომავალი თაობის მომზადება სასჯელაღსრულების სამართლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებების სფეროში.

,,სახელმძღვანელოში დეტალურად განხილულია პატიმართა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა უფლებები, რომელთა ცოდნა და დაცვა აუცილებელია პენიტენციური დაწესებულებების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. ასევე, წარმოდგენილია უცხოური ლიტერატურის, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებში საკითხზე მრავლისმომცველი წარმოდგენის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელოს აქტუალობასა და სასჯელაღსრულების სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება იუტას შტატის ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტთან (Brigham Young University) არსებული სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუტას შტატის ოფიციალურ პირებთან – შტატის სენატორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საარქივო მასალების დიგიტალიზაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის საკითხებზე.

დელეგაციამ მოინახულა იუტას შტატის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ცენტრები და ადგილზე გაეცნო მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და დაწესებულებების მართვის მოდელებს.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) ხელმძღვანელ პირებთან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციის თაობაზე და დაიგეგმა იუსტიციის სამინისტროს თემატური ჯგუფებისთვის სასწავლო მოდულები.

უნივერსიტეტში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო ლექცია ჩაატარა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) სტუდენტებისათვის ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და საქართველოში გატარებული რეფორმების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. შეხვედრებს, აგრეთვე, ესწრებოდნენ სტირლინგის ფონდის (Stirling Foundation) წარმომადგენლები ვენდი მაკკენნა და რიჩარდ მაკკენნა.