ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 11 ნოემბერი, 2021
გაზიარება

​იუსტიციის მინისტრი: „სააკაშვილის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომლის მიზანი მისი ჯანმრთელობის რისკების მინიმალიზაცია იყო. ტერმინ „გატაცებას“ ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენის მოსახდენად“

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა სააკაშვილის გატაცების შესახებ და მას მავნებლური უწოდა.

„მინდა, გავაკეთო განცხადება ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ მავნებლურ ბრალდებებზე. დავიწყებ ტერმინით „გატაცება“, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ და უნდათ, რომ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე; და უნდათ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოსდა ჩვენ ვინმე გავიტაცეთ... საერთოდ, როგორ არის შესაძლებელი, ამბობდე, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა არის გატაცება... აი ეს არის მავნებლური“, – განაცხადა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომლის მიზანი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის რისკების მინიმალიზაცია იყო:

„მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი გადაყვანილიყო მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო და ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული.

მინისტრის თქმით, დღეს მსჯავრდებული სააკაშვილი განთავსებულია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

რატი ბრეგაძემ ისაუბრა სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით ცხადი გახდა, რომ იგეგმებოდა მსჯავრდებულის გადაყვანის ხელშეშლა, რაც თავიდან იქნა აცილებული. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პენიტენციური სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.