სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში გამოყენების შესახებ ისაუბრა
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო მმართველობასა და საკანონმდებლო რეფორმებში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში სამართალი, პოლიტიკა და ტექნოლოგიური ინოვაციები უნდა ფუნქციონირებდეს როგორც ერთიანი სისტემა და არა ერთმანეთისგან განცალკევებული სფეროები.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კანონშემოქმედებითი პროცესების გამჭვირვალობას და ციფრული ინსტრუმენტების როლს ამ პროცესში.
პაატა სალიამ, ასევე, ისაუბრა საჯარო მმართველობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და მის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ, ასევე, აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ სიახლეებს საერთაშორისო სასამართლო დავებსა და არბიტრაჟში... ეკონომიკური ეფექტიანობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს საჯარო რეესტრის სერვისები, რომლებიც გონიერი კონტრაქტის საფუძველზეა შექმნილი და უზრუნველყოფს უძრავი ქონების ტრანზაქციების სრულ დისტანციურ განხორციელებას გადახდიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უსაფრთხო ციფრული იდენტიფიკაციის გამოყენებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.
მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng