ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 28 მარტი, 2023
გაზიარება

რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან მიმდინარე რეფორმები განიხილა

რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა და ხაზი გაუსვა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის გზაზე.

საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეულ გამარჯვებებსა და საქართველოს მიმართ არსებული საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენციას. კერძოდ, ათი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განიხილებოდა 3000-მდე საქმე, ხოლო მიმდინარე წელს - მხოლოდ 147, რაც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და შიდა სასამართლოებისადმი მოქალაქეთა ნდობის გაძლიერების გამოხატულებაა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების გაძლიერების მიზნით გასულ წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტიდან შესრულებული ერთ-ერთი რეკომენდაცია.

მინისტრის თქმით, უწყება აგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის. ამისთვის შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი და სტრატეგია, აქტიურად მიმდინარეობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, შეიქმნა ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულებისთვის, გაფართოვდა დასაქმების შესაძლებლობები, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, ციხის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება ახალი ციხე ლაითურში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.