ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 31 ივლისი, 2026
გაზიარება

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა გიორგი დგებუაძემ, ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ გახსნეს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ ეტაპზე სხვადასხვა უწყების ჩართულობის საკითხი.

სტრატეგიის პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის მიზნით ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიურად დაგეგმვა-განხორციელებაა, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო უწყებების მომსახურებას მეტად მარტივს, სწრაფსა და ხელმისაწვდომს გახდის.


სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უხელმძღვანელებს.

დოკუმენტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, მათ შორის, იმ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, რომლებიც 2026 წლის ივნისში თბილისში გამართული გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში იქნა გაზიარებული.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.