ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაცია - დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის

ეროვნული მასშტაბის ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის.

დანაშაულის პრევენციის კურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება.

დანაშაულის პრევენციის კურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ.

კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა:

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება;
  • ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
  • არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები;
  • სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში;
  • პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას;
  • აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება;
  • ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში;
  • ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელები, მათ შორის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, აგრეთვე, კურსის ბენეფიციარები - საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორ არტურ ერკენს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე და სამომავლო ხედვები გაუზიარა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიგრაციის მართვა საქართველოსთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის ნაწილია, არამედ ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალანსის აუცილებლობას ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის მიგრაციის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი თემურ გოგინოვი; აგრეთვე IOM-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლარს იოჰან ლონბაკი და პროგრამის განვითარებისა და მხარდაჭერის ოფიცერი გენცი პიეტრი.