ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 06 აგვისტო, 2026
გაზიარება

გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა

გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოს (Kadaster) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში და ნიდერლანდებში მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიწის ადმინისტრირების და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს, ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და განხორციელებული წარმატებული რეფორმების საფუძველზე, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ, ერთობლივად გაუწიონ ექსპერტული მხარდაჭერა სხვა ქვეყნებს, ასევე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაერო-ს სამუშაო ჯგუფების ფარგლებში საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და მეთოდოლოგიური რეკომენდაციების, მათ შორის, მიწის ადმინისტრაციის ეფექტიანობის ჩარჩოს (FELA) განვითარების პროცესში.

მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გლობალურ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ (GRAIL) პროექტის „მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესებისა და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის“ ქვეკომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამსახურის უფროსი თამთა ჭანტურია.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.