სიახლეები

გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-ში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.
გლდანის იუსტიციის სახლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნეს.
ახალი იუსტიციის სახლის შენობა 3 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ფილიალში 100-მდე პირია დასაქმებული.
იუსტიციის სახლის გლდანის ახალი ფილიალის გახსნით კიდევ უფრო გაუმჯობესდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.
თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ფუნქციონირებს ვარკეთილის ფილიალი; მომავალში კი, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობა.
იუსტიციის სახლის მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 126 ფილიალში ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng