ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 14 დეკემბერი, 2021
გაზიარება

​რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს სერვისების მიწოდების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. რატი ბრეგაძისა და ფიქრათ მამადოვის შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფიქრათ მამადოვს ინფორმაცია მიაწოდა სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს, აგრეთვე, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ფიქრათ მამადოვმა რატი ბრეგაძე აზერბაიჯანში მიიწვია.

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო.

ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთისა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან.

რატი ბრეგაძის ვიზიტი იტალიაში დღეს დასრულდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.