ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
გაზიარება

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრა გამართა იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივან მილან ჰოდასთან.

პაატა სალიამ მილან ჰოდასს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მან სლოვაკეთის მხარეს გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები ადამიანის უფლებების, პენიტენციური სისტემის, სერვისების განვითარებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის იუსტიციის სისტემაში ინტეგრაციის შესახებ და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.

საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კომპონენტი მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოხატეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების დანერგვის კუთხით, მათ შორის, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და პენიტენციური სისტემის მართვის მიმართულებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სლოვაკეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, ამ მიდგომის ეფექტიანობას 2025 წლის სტატისტიკაც ადასტურებს – საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო. პაატა სალიამ პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში; ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და ამ პროცესის სამართლებრივი რეგულაცია; სამართლის ახალი დარგების – ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტსამართლის, სოციალური ქსელებისა და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმების განვითარების მნიშვნელობა და სხვ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნაშრომი ხელოვნური ინტელექტის იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვის საკითხებს ეხება და მას წინ უძღოდა ონლაინ ლექციების კურსი „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.