სიახლეები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმეზე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი
,,მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე. მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დაობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი, ასევე, დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისათვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის მიერ წარდგენილი სამართლებრივი პოზიცია მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა. აგრეთვე, ორივე საქმის ფარგლებში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა. ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი იყოს. რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით. ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც მართული იყო ქვეყნის გარედან და, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა დღევანდელ დღეს, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს. ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა”,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng