ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 13 ივლისი, 2022
გაზიარება

საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს


ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს, მათ შორის ელექტრონული სერვისებისა და ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროებში. საუბარი შეეხო, აგრეთვე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

პორტუგალიის იუსტიციის მინისტრის გარდა, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის, ჩეხეთის, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან. დარგობრივი თემების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან სასაუბრო თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო.

პრაღაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება იყო.

მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.