ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 აგვისტო, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 16 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ,

  • სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის საქმეზე; რუსეთის ფედერაციას დაკისრებული აქვს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ;
  • მოგებულია ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა;
  • მოგებულია სახელმწიფოთაშორისი დავა ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე;
  • ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

პაატა სალიამ შეხვედრისას ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნაყოფიერ და მრავალწლიან თანამშრომლობაზე, რისი დასტურიც ერთობლივი პროექტები და განხორციელებული რეფორმებია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UN Sustainable Development Cooperation Framework) ფარგლებში, 2026-2030 წლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს როგორც მმართველი კომიტეტის, ისე შედეგებზე ორიენტირებული სამივე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

პაატა სალიამ უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამედროვე, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით სამინისტრო მუდმივად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

პაატა სალიამ მუსტაფა თურქერ არისთან განიხილა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების, აგრეთვე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი მიმართულებების განვითარება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.

პაატა სალიამ გამოხატა მზაობა, გამართოს შეხვედრა თურქ კოლეგასთან დარგობრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებისა და მექანიზმების შემუშავების მიზნით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.