ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 14 ივნისი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტრო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს.

მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოში ავტორიზებულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმდება.

პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში - „იურიდიული კლინიკა სასჯელაღსრულების სამართალში“ - სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა“ და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ კვირაში 1 სამუშაო დღის გატარება შეეძლებათ.

უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში სამინისტროს წარმომადგენელთა ჩართვა მაგისტრანტ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა გაიღრმაონ იუსტიციის სისტემის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც უშუალო შეხება მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ამას გარდა, იუსტიციის სამინისტრო წარმატებულ მაგისტრანტებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება იუტას შტატის ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტთან (Brigham Young University) არსებული სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუტას შტატის ოფიციალურ პირებთან – შტატის სენატორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საარქივო მასალების დიგიტალიზაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის საკითხებზე.

დელეგაციამ მოინახულა იუტას შტატის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ცენტრები და ადგილზე გაეცნო მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და დაწესებულებების მართვის მოდელებს.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) ხელმძღვანელ პირებთან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციის თაობაზე და დაიგეგმა იუსტიციის სამინისტროს თემატური ჯგუფებისთვის სასწავლო მოდულები.

უნივერსიტეტში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო ლექცია ჩაატარა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) სტუდენტებისათვის ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და საქართველოში გატარებული რეფორმების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. შეხვედრებს, აგრეთვე, ესწრებოდნენ სტირლინგის ფონდის (Stirling Foundation) წარმომადგენლები ვენდი მაკკენნა და რიჩარდ მაკკენნა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს თანმიმდევრულ და ეფექტიან თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი.