სიახლეები

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს
გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს.
ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში თემატური სესიებიც გაიმართა, რომლებზედაც ქართულმა მხარემ მიწისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში დანერგილი ინოვაციური პროდუქტები და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები წარადგინა.
გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტი გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა. ყოველწლიურ სესიებში წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი გეოსივრცითი ინფორმაციის ეფექტიანი მართვისა და გამოყენების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და გაერო-ს ინტეგრირებული გეოსივრცითი ინფორმაციის ჩარჩოს (UN-IGIF) განვითარების მხარდაჭერაა.
ექსპერტთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის პოზიციონირება გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში, დაამყაროს ახალი პროფესიული კავშირები პარტნიორ ქვეყნებსა და დარგის ექსპერტებთან, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს მის დანერგვას.
სხვა სიახლეები
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის დადგენილებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მხარდაჭერაა.
უწყებათშორის შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგლამენტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტები, რომლებიც მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება, კოორდინატორმა უწყებამ - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკოორდინაციო საბჭოს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი რეგულაციები სივრცითი მონაცემების წარმოებისა და გაზიარების ერთიან სტანდარტს დაადგენს. შედეგად, სხვადასხვა უწყების მონაცემები ერთმანეთთან თავსებადი იქნება, რაც გამორიცხავს დუბლირებას და დაზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მონაცემები თავსებადი იქნება ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) და მარტივად გაზიარდება ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.
რეფორმის მიზანი სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. ამ პროცესში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, საჯარო რეესტრმა პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი — NSDI.GOV.GE შექმნა. ეროვნულ გეოპორტალზე უკვე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია 30-მდე უწყების 160-ზე მეტი მეტამონაცემი.
ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები სახელმწიფო და კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ბიზნესის დასაგეგმად, ისე კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.
Geo
Eng