ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

“Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარეს. მოსახლეობის კვლევის ფარგლებში 2000 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 14 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის 61% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.

ამასთან, პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმები არსებითად დადებითად შეაფასეს დარგობრივი სექტორის წარმომადგენლებმა (მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები).

კონსორციუმის შესახებ: მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამე „Ipsos“ („იფსოსი“) 1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი) და დღეს 90-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

პროფესორი იან ვან დაიკი - ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი იან ვან დაიკი წლების განმავლობაში ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, აგრეთვე იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. იან ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ დანართი პრეზენტაციების სახით.

1.მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, სასამართლოთი მოსარგებლეებისა და მოსახლეობის 2018 და 2024 წლების შეფასების შედეგები (პროფესორი იან ვან დაიკი)

2. Results of Assessments in 2018 and 2024 by Judges, Prosecutors, Attorneys, Members of High Council of Justice of Georgia, Court Users and the Public (Prof Jan van Dijk)

3.საქართველოში მოსახლეობის მიერ სასამართლო სისტემის აღქმა; მოსახლეობის კვლევა

4.Public Perception of the Judicial System in Georgia; Georgian Population Survey

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ციფრულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს.

იუსტიციის მინისტრმა ჩინელი კოლეგა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება და 500-მდე მაღალი დონის სტუმარსა და დარგის ექსპერტს უმასპინძლებს.

საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ საჯარო მომსახურებების რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით მიაღწია. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდოზე სამ ინოვაციურ პროექტს წარადგენს: იუსტიციის სახლებს, ProbBox-ს და Re-Market-ს. პაატა სალიას განცხადებით, ამ ინოვაციების მიზანი მოქალაქეებისთვის ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას საჯარო მმართველობის რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.