ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 01 მარტი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „ჩვენი ფორმულაა მეგობრების უპირობო მხარდაჭერა და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა“

„ჩვენ ვთქვით, რა არის ჩვენი ფორმულა – ეს არის მეგობრების უპირობო და ურყევი მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, და ეს არის ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, როდესაც იგი იცავს საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


მინისტრის თქმით, პაუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი შეაფასოს სათანადოდ და არ დაუშვას არავითარი ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.


„შემდეგნაირად შევხედოთ სიტუაციას – საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყნის ტერიტორიების, დაახლოებით, 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ასევე, მილიონამდე ქართველი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში და, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, ასევე, მათი ბედი და მათი ოჯახების წევრების ბედი, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში. ასევე, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები უკრაინის ტერიტორიაზე და, ბუნებრივია, უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ძალიან რთული უსაფრთხოების გარემოც, რომელიც ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა საქართველოს ირგვლივ და, ასევე, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგები, რომელთა დაძლევაც მეტნაკლებად ეტაპობრივად დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ნებისმიერი პაუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი შეაფასოს სათანადოდ და არ დაუშვას არავითარი ძალადობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ – ბოლოს, გახსოვთ, ეს იყო 2008 წლის ძალიან ტრაგიკული ომი და, ასევე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო იმყოფება ქრონიკულად სისხლისღვრის, ომიანობის პერიოდში და, როგორც იქნა, ეს პერიოდი მეტნაკლებად დავძლიეთ და 2012 წლის მერე საქართველოში შესაძლებელი გახდა მშვიდობის შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის მოსახლეობის ინტერესებში და, ბუნებრივია, ჩვენი უპირობო ვალდებულებაა, რომ ყველა ეს ფაქტორი ავწონოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩვენი მეგობრების უპირობო და ძლიერი მხარდაჭერით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.