ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 24 ივლისი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით.

სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების, მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გადასცეს.

პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.