ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2023
გაზიარება

მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი“ - გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა, ლატვიის და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან ერთად.

კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მიგრაციის ევროპული ქსელის ლატვიის ეროვნული საკონტაქტო პირის ერთობლივი ორგანიზებით.

მიგრაციის ევროპულმა ქსელმა შეიმუშავა და მუდმივად აახლებს ყოვლისმომცველ ლექსიკონს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის ძირითად ცნებებს. ლექსიკონი ქართულ ენაზე თარგმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ
ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველყოფას, სადაც ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირების, აკადემიური წრეებისა და მიგრაციის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენების კუთხით.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ქსელის ტერმინების არსი და მათი მნიშვნელობა, როგორც ევროკავშირისთვის, ისე მის ფარგლებს მიღმა.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.