სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას.
საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების სფეროში საქართველოს წარმატებული პრაქტიკის პარტნიორი ქვეყნებისათვის გაზიარების მნიშვნელობას, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა საჯარო სერვისების ფორუმის ჩატარება თბილისში, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ერთობლივი ორგანიზებით 23-25 ივნისს გაიმართება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.
სხვა სიახლეები
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის დადგენილებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მხარდაჭერაა.
უწყებათშორის შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგლამენტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტები, რომლებიც მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება, კოორდინატორმა უწყებამ - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკოორდინაციო საბჭოს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი რეგულაციები სივრცითი მონაცემების წარმოებისა და გაზიარების ერთიან სტანდარტს დაადგენს. შედეგად, სხვადასხვა უწყების მონაცემები ერთმანეთთან თავსებადი იქნება, რაც გამორიცხავს დუბლირებას და დაზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მონაცემები თავსებადი იქნება ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) და მარტივად გაზიარდება ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.
რეფორმის მიზანი სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. ამ პროცესში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, საჯარო რეესტრმა პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი — NSDI.GOV.GE შექმნა. ეროვნულ გეოპორტალზე უკვე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია 30-მდე უწყების 160-ზე მეტი მეტამონაცემი.
ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები სახელმწიფო და კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ბიზნესის დასაგეგმად, ისე კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.
Geo
Eng