ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 მარტი, 2023
გაზიარება

საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროები, პროფესიული სემინარის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

პროფესიული სემინარი ორ ქვეყანას შორის წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც ბოლო წლებში უფრო ინტენსიური გახდა. ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმითა და ერთობლივი დეკლარაციითაა განსაზღვრული, რომელთაც, შესაბამისად, 2021 და 2022 წლებში საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. სხვა აქტივობებთან ერთად, მემორანდუმი და დეკლარაცია, პროფესიული სემინარის ფორმატში, უწყებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა. „დარწმუნებული ვარ, სემინარი საუკეთესო პლატფორმა იქნება მხარეებს შორის გამოცდილების გაცვლისა და პარტნიორობის გაღრმავებისათვის“, – აღნიშნა მან.

საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები დისკუსიას გამართავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ელექტრონული მმართველობა და სამართლებრივი დოკუმენტების დიგიტალიზაცია; ციფრული მმართველობის პოლიტიკა; მიწისა და ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები; ელექტრონული სანოტარო სერვისები; სისხლის სამართლის რეფორმა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; არასაპატიმრო სასჯელები, განრიდება და მედიაცია; ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების; სერვისების განვითარების სააგენტოს; ნოტარიუსთა პალატის; ციფრული მმართველობის სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; აგრეთვე, ჯანდაცვის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები See less

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ აშშ-ში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება იუტას შტატის ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტთან (Brigham Young University) არსებული სამართლისა და რელიგიის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუტას შტატის ოფიციალურ პირებთან – შტატის სენატორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საარქივო მასალების დიგიტალიზაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტების, ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის საკითხებზე.

დელეგაციამ მოინახულა იუტას შტატის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ცენტრები და ადგილზე გაეცნო მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომ სერვისებსა და დაწესებულებების მართვის მოდელებს.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) ხელმძღვანელ პირებთან სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციის თაობაზე და დაიგეგმა იუსტიციის სამინისტროს თემატური ჯგუფებისთვის სასწავლო მოდულები.

უნივერსიტეტში ვიზიტისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საჯარო ლექცია ჩაატარა ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University) სტუდენტებისათვის ქართული სისხლის სამართლის პოლიტიკისა და საქართველოში გატარებული რეფორმების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი გვანცა ვარამაშვილი. შეხვედრებს, აგრეთვე, ესწრებოდნენ სტირლინგის ფონდის (Stirling Foundation) წარმომადგენლები ვენდი მაკკენნა და რიჩარდ მაკკენნა.