ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 02 სექტემბერი, 2022
გაზიარება

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა

ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა.


„CEPEJ“-სა და „CCJE“-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში „CEPEJ“-ში წევრობის მიზნით 6-მა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო „CCJE“-ის კონკურსში 4 ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე, 3 კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად „CEPEJ“-სა და „CCJE“-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია.


ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) ქეთევან ცინცაძე საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი.


„CEPEJ“ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით; კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კი, კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„CCJE“-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით.


ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესაბამისად, „CEPEJ“-სა და „CCJE“-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. საგულისხმოა, რომ ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.