ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შორის შეხვედრა სტამბოლში OECD-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა - მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, პენიტენციური სისტემის ეფექტური მართვა, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს უწყების პრიორიტეტები გააცნო, რომელთა შორისაა სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.

პაატა სალიამ დამირ ჰაბიიანს ინფორმაცია მიაწოდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზების გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა. წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.

პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.