ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 04 ნოემბერი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციის საკითხებს ეძღვნება, 200-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისათვის.

ლანა მორგოშიამ ულვი მეჰდიევს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ინოვაციური პროექტების – იუსტიციის სახლების, მობილური იუსტიციის სახლის, სერვისების ერთიანი პორტალისა და „გონიერი კონტრაქტის“ შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს. უწყება მომხმარებელთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.

საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტი ქ. ბაქოში 5-6 ნოემბერს ტარდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი უცხოელ კოლეგებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.