ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 17 მარტი, 2023
გაზიარება

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ქლევერლი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტოს ეწვია. მაღალი რანგის სტუმარი ადგილზე გაეცნო კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

პროგრამის ფარგლებში საქართველო ბრიტანეთისგან იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის, ინფორმაციის გაზიარების უწყებათაშორისი ჩარჩოს შემუშავების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი სოფიო ქაცარავა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და მისი მოადგილე, გიორგი ღიბრაძე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.